“შაბათის ეთერის” ექსკლუზივი: ბადრაგი ლატექსის სამედიცინო ხელთათმანებით, ამოცნობილი და ნაპოვნია. ციხის ზედამხედველი, რომელსაც გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს, გიორგი კვარაცხელია არ არის.
“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კაცი, რომელიც რუსთავის მეექვსე, ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრებს ამ სახელით და გვარით ეცნობოდა, 22 წლის გიორგი ვარაბიოვია. მზია ყრუაშვილი, გიორგი ვარაბიოვის ბებია ადასტურებს, რომ ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით ნამდვილად მისი შვილიშვილია.
მზია ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეთა სისტემაში მისი ოჯახის არაერთი წევრია დასაქმებული. ქალიშვილი – ეკატერინე ყრუაშვილი, რომელიც გიორგი ვარაბიოვის დედაა, ქალთა ციხის თანამშრომელია. ამავე სისტემაშია დასაქმებული ვარაბიოვის დეიდა, შორენა ყრუაშვილიც.
ოჯახის მტკიცებით, მას შემდეგ რაც, რუსთავის ციხის თანამშრომელი პატიმარმა გიორგი დავითაძემ გაუპატიურებაში დაადანაშაულა, გიორგი ვარაბიოვთან დაკავშირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი 22 წლის გიორგი ვარაბიოვის ბებიამ “შაბათის ეთერს” უთხრა, რომ მისი შვილიშვილი გაამართლეს, ინყტერვიუს ჩაწერის მომენტში კი პროკურატურას დავითაძის საქმე დახურულად არ ჰქონდა გამოცხადებული.
რა ჩანს პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში?
კადრების მიხედვით, გიორგი ვორობიოვი პირველი შედის ოთახში, სადაც გიორგი დავითაძე უნდა შეიყვანონ. ამ დროს ის ლატექსის ხელთათმანებით უკვე შეიარაღებულია. პატიმრის შესვლისთანავე ის იწყებს მასთან კომუნიკაციას და ფაქტობრივად საკნიდან გასვლამდე, ჩანს რომ მუდმივად ლაპარაკობს.
სათვალთვალო კამერის გაშიფვრის შედეგად დგინდება ისიც, რომ გიორგი ვარაბიოვის მარჯვენა, ბადრაგებს, სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეალიდან მთელი 24 წამის განმავლობაში ჰქონდათ დაფარული. სწორედ ამ 24 წამზე არის დასმული ყველა შეკითხვა და ამ დრომდე არ არსებობს არცერთი პასუხი.
