ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაშვება, ფონდების დევნა, დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევა – ეს იქნება იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რომელზეც პაველ ჰერჩინკის განცხადებით, 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში საქართველოს შესახებ უნდა იმსჯელონ.
დღეს ევროკავშირის ელჩმა თელავში ჩასულ მედიას უთხრა, რომ შემაშფოთებელია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს [12 ოქტომბერს] გამართავენ შეხვედრას და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? ვინაიდან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობაზე.
ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
