ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ითხოვს.
დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანოს, ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ 102 ხმით, 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
თავად მთავრობა ინიციატივის წინააღმდეგი იყო.
“საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონმდებლობას და პოლიციის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; ეს მოვლენები ჯდება ქართული ოცნების პოლიტიკის იმ დღის წესრიგში, რომლითაც საქართველო მიდის რუსული მოდელისკენ; აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის უფლება ქართული ოცნების წინააღმდეგ; მოვუწოდებ ნიდერლანდების მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად შეიტანოს საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე” – აღნიშნა დებატების დროს ქუინი რაჟკოვსკიმ.
