ბოლო რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით მიმდინარეობს. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, დიზელის ღირებულებამ კი 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში ბენზინი 42 თეთრამდე, დიზელი კი 91 თეთრამდე გაძვირდა.
ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ოქტომბერშიც. შედეგად, დღეს დიზელის ღირებულება ლიტრზე 5.07 ლარამდეა, სუპერის – 4.65 ლარამდე, პრემიუმის – 4.33 ლარამდე, რეგულარის კი 4.08 ლარამდე.
მიმდინარე ფასების ფონზე, საწვავის აქციზის გადასახადის შემცირება მომხმარებლისთვის ფასის კლების ერთ-ერთი შესაძლო გზა იქნებოდა.
საქართველოში ამჟამად ბენზინზე აქციზის გადასახადი ერთ ლიტრზე დაახლოებით 37 თეთრს, დიზელზე კი 34 თეთრს შეადგენს. ამ გადასახადს ემატება 18%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), რის შედეგადაც ბენზინის შემთხვევაში აქციზისა და მასზე დარიცხული დღგ-ის ჯამური ოდენობა ლიტრ ბენზინს დაახლოებით 43-44 თეთრამდე აძვირებს, ხოლო დიზელს 40 თეთრამდე.
თუ ბენზინზე აქციზის გადასახადი განახევრდება და 2017 წლამდე არსებულ განაკვეთამდე შემცირდება, ანუ ტონაზე 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი გახდება, ერთ ლიტრი ბენზინის ფასი, დღგ-ის გათვალისწინებით, 22 თეთრით შემცირდება.
მსგავსი ეფექტი ექნება დიზელზე აქციზის განახევრებასაც. ამ შემთხვევაში გადასახადი ტონაზე 400 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდება, რაც დღგ-ის გათვალისწინებით, დიზელის საცალო ფასს ლიტრზე დაახლოებით, 20 თეთრით შეამცირებს.
თუმცა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. მისი განმარტებით, საწვავის ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება, ხოლო კონფლიქტის დარეგულირება, პრემიერის მოლოდინით, ფასების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საწვავის აქციზიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი სულ უფრო იზრდება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში 509.57 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 447.08 მლნ ლარი. ზრდამ 62.49 მლნ ლარი, ანუ დაახლოებით 14% შეადგინა.
მიმდინარე წლის რვა თვეში მთლიანად იმპორტირებული პროდუქციის აქციზიდან ბიუჯეტში 1.571 მლრდ ლარი აკუმულირდა. ამ თანხის 32.4%-ზე მეტი საწვავის აქციზზე მოდის.
