რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.
მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ
მისი განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.
„ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
