საქართველომ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასაბლეაზე ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. იმედია, ახალ პრეზიდენტს ჩვენი რეგიონის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექნება და გვექნება მეტი შესაძლებლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასაბლეის ფორმატში საქართველოს დელეგაციამ არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა.
„შევხვდით როგორც დიდი ბრიტანეთის, ევროპის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების სპიკერებს. საქართველომ მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება. როგორც იცით, 180-ზე მეტ ქვეყანას შორის მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. ჩვენი საუბარი შეეხებოდა როგორც აღიარების გაწვევას და ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას. ნაურუს ძალიან კარგი მაგალითი არსებობს, რომელმაც აღიარება უკან გაიწვია. როგორც იცით, გაერო-ს რეზოლუციებს უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო ორმხრივ შეხვედრებზე. გამოვყოფდი დიდ ბრიტანეთთან შეხვედრას. მათთან ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, იმ დიალოგის აღდგენაზე, რომელიც საქართველოს დიდ ბრიტანეთთან ჰქონდა“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
