სანამ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე გაგრძელდება ასეთი უარყოფითი შეფასებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ასეთ შეკრებაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი სხვა ორგანო, ჩვენ ველოდებით ხოლმე უფრო და უფრო კრიტიკულ და შემაშფოთებელ განცხადებებს, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.
ფავლენიშვილი ევროპარლამენტის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის და თბილისის მერის, კახა კალაძის სანქცირების მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპას აქვს თავისი ნორმები და მოქმედების წესი და როდესაც ქვეყანაში ამყარებ დიქტატურას, რეპრესიულ კანონმდებლობას იღებ, ხდები სანქცირების ობიექტი.
მისი თქმით, აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ ივანიშვილის ქმედებები იყო ქვეყნისთვის საშიში და მასში მონაწილე პირების სანქცირებას გამოიწვევდა, რაც შემდგომში ქვეყნის იზოლირებას შეუწყობდა ხელს.
„ჩვენ ამ ხალხის სანქცირება იმიტომ გვაღელვებს, რომ სისტემის მოცილების გარეშე ამდენი ადამიანის სანქცირება და შემდგომში იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავება, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს სრულ იზოლაციას უქადის, ეს არის საშიში, თორემ, გასაგებია, რომ კონკრეტული ინდივიდების სანქცირება, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი ცუდი გააკეთეს, არ იქნებოდა ამდენად შემაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპარლამენტს „დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ“.
