პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო სიგუა, რომელსაც ყოფილი მეუღლე მკვლელობით მუქარასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
„ტვ პირველის“ კამერამ სიგუა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააფიქსირა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მან განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე” სისტემაში დაბრუნების სრუვილი არ აქვს, ყოფილი მეუღლის ბრალდებები კი უარყო და მას მატყუარა უწოდა.
ამ ეტაპზე არაფერს ველოდები. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა და ამ ეტაპზე სურვილიც არ მაქვს. ბევრ რამეს ამბობს (ყოფილი მეუღლე), – ამბობს იოსებ სიგუა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.
სასამართლო დავის დაწყებამდე სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონულ მონიტორინგს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გაუქმდა.
