საქართველოს პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მუშები სხდომათა დარბაზთან მდებარე კედელზე გაჩენილ დიდ ბზარს ავსებენ.
დაზიანება შენობაში წლებია არსებობს, თუმცა მისი შეკეთების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღეს. უცნობია, დაედო თუ არა სარემონტო სამუშაოებს საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნა და როგორია კედლის დაზიანების რეალური ხარისხი.
ამ დრომდე საჯაროდ არ განმარტებულა, სამუშაოები მხოლოდ კოსმეტიკურ შეკეთებას ითვალისწინებს თუ კედელს კონსტრუქციული გამაგრებაც სჭირდება.
“ქართული ოცნების” დეპუტატები ამტკიცებენ, რომ შენობაში გადაადგილების საფრთხე არ არსებობს.
არ ვიცი არსებობს თუ არა სამხარაული დასკვნა, შენობაში რადგან იმყოფებით, შესაბამისად, გადაადგილებაც უსაფრთხოა. დამერწმუნეთ, რომ არც ჩვენ გავჩერდებოდით ამ შენობაში რომ არ ყოფილიყო უსაფრთხო, – ამბობს “ოცნების”დეპუტატი თორნიკე ფაღავა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად წლების განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის გამაგრდა საძირკველიც.
ალბათ აკვირდებოდით წლების განმავლობაში ეტაპობრივად როგორ მიმდინარეობდა პარლამენტში არა მარტო ლოკალური სარემონტო სამუშაოები, არამედ ფუინდამენტალური სამუშაოები, არამედ მათ შორის პარლამენტის მთლიანი სენობის მდგრადობის ზურნველყოფა, როდესაც შენობას ფუნდამენტალურად გაუმაგრდა საყრდენები, საძირკველი და ა.შ. ასე რომ, რატომ გამოიწვია ახლა თქვენში ასეთი აჟიოტაჟი, რომ ლოკალურ ადგილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, არ ვიცი, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
