2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ერთადერთი აბიტურიენტი, რომელმაც ყველა ჩაბარებულ საგანში მაქსიმალური, 100%-იანი ქულა მოიპოვა.
ამ უპრეცედენტო მიღწევის აღსანიშნად, NMG-იმ (Nikora Management Group), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, წარჩინებული სტუდენტი 5 000-ლარიანი ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა.
NMG-ისთვის განათლების ხელშეწყობა და ნიჭიერი ახალგაზრდების სტიმულირება საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია.
გთავაზობთ ინტერვიუს წლის ყველაზე წარმატებულ სტუდენტთან, ანანო ბაბუნაშვილთან, გამოცდებისთვის მომზადების ფორმულაზე, ემოციებზე, NMG-ის აღიარებასა და სამომავლო გეგმებზე.
როგორი იყო ის მომენტი, როდესაც გამოცდების საბოლოო შედეგები ნახე და გააცნობიერე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა აიღე?
მომენტი, როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სრულიად წარმოუდგენელი იყო. ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ამ მომენტში მახსოვს, როგორ ვკანკალებდი სიხარულისგან. იმდენად გაუჩერებლად ვკანკალებდი, რომ გარშემომყოფებს შეეშინდათ და დამამშვიდებელი წამალიც კი დამალევინეს.
ელოდი თუ არა ასეთ აბსოლუტურ, ასპროცენტიან შედეგს, თუ ეს შენთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა?
მაქსიმალურ ქულებს ყველა საგანში ნამდვილად არ ველოდი, თუმცა მაღალ შეფასებებს, რა თქმა უნდა, ვვარაუდობდი. ჩემთვის სრულიად მისაღები და საკმარისი იქნებოდა თითოეულ საგანში 90% ან ცოტა ნაკლებიც რომ ამეღო, რადგან ესეც უკვე იმ შრომის დაფასება იქნებოდა, რაც ამ წლების განმავლობაში გავწიე.
ყველა საგანში მაქსიმალური ქულის მიღება იშვიათი მიღწევაა. რა იყო შენი მთავარი „საიდუმლო“ ან წარმატების ფორმულა მომზადების პროცესში?
რაიმე განსაკუთრებული ან საიდუმლო ფორმულა არ მქონია, უბრალოდ, ყოველდღიურად გულმოდგინედ ვაკეთებდი მასწავლებლების მიერ მოცემულ დავალებებს. გარდა ამისა, გავიაზრე, რომ ჩემზე უკეთ არავინ იცოდა, რა საკითხები მიჭირდა, ამიტომ იმ თემებზე უფრო ხშირად ვმუშაობდი, სადაც ხარვეზები მქონდა.
კიდევ მქონდა ასეთი წესი – ე.წ. „პენალტები“: თუ რაიმე მიზეზით დავალების შესრულებას ვერ ვასწრებდი, როგორც კი თავისუფალ დროს ვიპოვიდი, ორმაგად ვმუშაობდი. მაგალითად, თუ სახლში ქართულის წერას ვერ მოვასწრებდი, მომდევნო დღეს ორ ან სამ თემას ვწერდი.
დღეს NMG-იმ შენი მიღწევა 5 000-ლარიანი საჩუქრით დააფასა. რას ნიშნავს შენთვის მსხვილი ბიზნესისგან ასეთი ყურადღება და აღიარება?
ნამდვილად არ ველოდი ამგვარ დაფასებას და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ უკვე გაწეული შრომის დაჯილდოება, ეს არის უდიდესი სტიმული ჩემი მომავალი წარმატებებისთვის.
როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ასეთი ჩართულობა და სტიმული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სტუდენტურ ცხოვრებას?
ჩემი აზრით, კერძო სექტორის ასეთი ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს მომავალი თაობებისთვის უზარმაზარ მოტივაციას ქმნის. ის ფაქტი, რომ შენი დაუღალავი შრომა საზოგადოებასა და ბიზნესს არ რჩება მხედველობიდან და სათანადოდ ფასდება, ახალგაზრდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
რომელი უნივერსიტეტი და სპეციალობა აირჩიე და რატომ გადაწყვიტე ამ მიმართულებით წასვლა?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ეს არჩევანი ჩემი ინტერესებიდან გამომდინარეობდა: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ინგლისური ენა, რამაც ინგლისურენოვან უნივერსიტეტში სწავლის სურვილი განაპირობა, და მათემატიკა, რომელიც ჩემს არჩეულ სპეციალობაში ფუნდამენტურ როლს თამაშობს.
სხვათა შორის, ოჯახში ბავშვობიდან მეხუმრებოდნენ, შენ ნამდვილი ეკონომისტი უნდა გამოხვიდეო – ფულის თვლა განსაკუთრებით მიყვარდა!
როგორ წარმოგიდგენია შენი სტუდენტური წლები და რა არის შენი მთავარი პროფესიული მიზანი?
სტუდენტურ წლებში ჩემთვის მთავარია სიღრმისეული ცოდნის მიღება და, რა თქმა უნდა, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნება. მომავალში კი ჩემი მთავარი მიზანია, მიღებული ცოდნა და ღვაწლი კარგი, პერსპექტიული სამსახურით დამიფასდეს.
ინგლისურად სწავლა რთულია? სამომავლოდ ხომ არ ფიქრობ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას?
ინგლისურ ენაზე სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა შორს არის შეუძლებლისგან. როგორც იტყვიან, „ყველაფერი მიჩვევაზეაო“ და მართალიც ყოფილა, ნელ-ნელა უკვე ვეჩვევი უცხოენოვან აკადემიურ გარემოს. სამომავლოდ კი ნამდვილად მაქვს გეგმაში სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება.
თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვარს, რა არის შენი ჰობი?
საკმაოდ ჩვეულებრივი ჰობი მაქვს, ძალიან მიყვარს კითხვა და, ამავდროულად, კომპიუტერული/ვიდეო თამაშების თამაში.
რას უსურვებდი და რას ურჩევდი მომავალ აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა ემზადებიან გამოცდებისთვის და ოცნებობენ მაღალ შედეგებზე?
აბიტურიენტობას ახლავს სირთულეები, მაგრამ ჩემი მთავარი რჩევაა: ძალიან ნუ დაშინდებით! გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ერთი გამოცდით არც იწყება და არც მთავრდება. კარგად გაიაზრეთ, რა გამოდიხართ, რა გიყვართ და მთელი ენერგია სწორედ ამ სფეროების განვითარებასა და სიღრმისეულად შესწავლას მოახმარეთ.
