შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, – ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.
მისივე თქმით, „ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს“.
„შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია – ერთობ საპატიო ადგილი მოიპოვა იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ევროპარლამენტი პარლამენტის მოქმედი სპიკერის დასანქცირებას ითხოვს. შალვა საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის-ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ, იშვიათი მიღწევაა. ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს”,- წერს სამადაშვილი.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია – „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” – 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს. ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.
