ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, შვეიცარია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებით შეშფოთებას გამოთქვამს. საუბარია ვარშავაში მიმდინარე ეუთოს კონფერენციაში მონაწილე ქართველი უფლებადამცველების მიმართ გაკეთებულ კომენტარებზე.
8 ოქტომბერს, კონფერენციის მეოთხე დღის გახსნისას, შვეიცარიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეუთოს ღონისძიებებში უსაფრთხოდ, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
განცხადებას წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის ბრალდებები, რომელმაც 7 ოქტომბერს კითხვები დასვა, რა თანხებითა და ვისი დაფინანსებით ჩავიდნენ ვარშავაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და საიას ხელმძღვანელი თამარ ონიანი. პაპუაშვილმა ორგანიზაციები ე.წ. „შავი ფულით“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.
5 ოქტომბერს ბაია პატარაიამ ეუთოს კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა ბანერით – „გაათავისუფლეთ ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი“ გააპროტესტა.
„საფარის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“საქართველოს წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით, რასაც თან ახლდა ჩემი მხრიდან მშვიდობიანი, უხმო პროტესტი — დაშვებული ეუთოში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. ყველგან, სადაც ვიქნები მთავრობასთან ერთად, შევახსენებ, რომ ციხე სავსეა პოლიტიკური პატიმრებით და ამას არასდროს შეეგუება ქართველი ხალხი.
გერმანიამ, სლოვენიამ და სხვა არაერთმა სახელმწიფომ საქართველოს პირდაპირ მოუწოდა, შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები და შეწყვიტოს მედიის, პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ამ ფონზე სასაცილოა, რომ საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობაზე „ჩალიჩობს”, (სხვა სიტყვა ამ პროცესს არ უხდება). ასეთია ივანიშვილის ქოცნება, ყველასგან უნდა ბენეფიტები, ფული, პატივი, ძალაუფლება და არც ერთ მოვალეობას არ ასრულებს თვითონ, პირიქით, აუარესებს ყველაფერს“.
შვეიცარიის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს ეუთოს ქცევის კოდექსიც შეახსენა და აღნიშნა, რომ უფლებადამცველების უსაფრთხო მონაწილეობა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა.
