პროტესტი ქუთაისის მეორე პენტენციურ დაწესებულებასთან – ოჯახი და რიგითი მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის შიდა ჩატები გატეხა და განყოფილებებში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები გაასაჯაროვა.
გიორგი კვიცარიძეს 17 – წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის ნარკოდანაშულის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს იყო პოლიციის შურისძიება და ახალგაზრდა კაცს ნარკოტიკი ჩაუდეს.
გიორგი კვიცარიძის დედის თქმით, მისი შვილი არის პოლიტპატიმარი და ისჯება იმისთვის, რომ სასტიკი კადრები გაასაჯაროვა.
“ხალხს ვთხოვ, დამიდგნენ გვერდში, ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი, იმისთვის, რომ გატეხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა, მოიპოვა კადრები და მიუსაჯეს 17 წელი” – ამბობს გიორგი კვიცარიძის დედა.
ცოტა ხნის წინ, სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ კვიცარიძის საქმე ბუნდოვანია და ითხოვენ, სიმართლე დადგინდეს.
“ეს არის ბუნდოვანებით მოცული საქმე და გვაინტერესებს სიმართლე. დადგინდეს სამართლიანობა, ამიტომ მოვედით აქ და ვუცხადებთ სოლიდარობას. ბოლო დროს ხშირად გვესმის ასეთი საქმეები და გვახსენდება 2012 წელი, როდესაც მსგავსმა უკმაყოფილებამ და ძლადობრივმა საქმეებმა, შეიწირა წინა ხელისუფლება, ახლა იგივე განცდაა, თითქოს, ციხეებში წარმოუდგენელი ძალადობა ხდება” – განაცხადა შმაგი სამხარაძემ.
გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი კვიცარიძე ის IT სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა.
