ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, რომელიც პარლამენტში ძეგლების მდგომარეობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებდა შეცვალეს.
თეა ონიანი ამ პოსტზე ზაზა კვიციანმა შეცვალა.
ზაზა კვიციანი სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა სექტემბერში მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მანამ, ვიდრე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ არ გაერთიანდა.
მანამდე, ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2025 წლიდან.
სამინისტრომდე ზაზა კვიციანი თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.
თეა ონიანი გასული წლის ნოემბერში, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე გამოწვევებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ “ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი ჰქონდა“
საუბარი იყო ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა, სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი და სხვა.
ონიანი პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად კი წინა წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზით ჩატარებას ასახელებდა.
