სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი პატიმარი ამტკიცებს, რომ ბადრაგები მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.
გიორგი დავითაძის თქმით, თანამშრომლები იმ მსჯავრდებულებს, რომელებმაც მას სოლიდარობა გამოუცხადეს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობენ. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ციხიდან გიორგი დავითაძის ადვოკატმა გამოიტანა.
გიორგი მხნედ გრძნობს თავს, ბრძოლის განწყობაზეა, მხარდაჭერა აქვს პატიმრებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადი სიტუაცია დაძაბულია. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს. ამ პროვოკაციებზე პასუხის შემთხვევაში უკვე უსწორდებიან პატიმრებს, როგორც ფიზიკურად, ისე რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გადაიყვანეს პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში.
პროვოკაცია სიტყვიერ შეურაცხყოფებში გამოიხატება და ამას აკეთებენ ისე, რომ კამერამ არ დააფიქსიროს სხეულის ენით და ხმოვანი არც არის. ამაზე პასუხი პატიმრების მხრიდან უკვე არის მძიმე და ამას აფიქსირებს კამერა.
ის საგანი, რაც იცით, რომ მან გადაყლაპა, დღის მდგომარეობით მას აქვს ორგანიზმში. ამბობს და განმარტავს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს სამედიცინო მანიპულაციით ამ საგნის ამოღებას, რადგან აპროტესტებს მინიმუმ ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის ისევ თანამდებობაზე ყოფნას და იმას, რომ ვინც მასზე განახორციელა ზეწოლა და ადამიანური წამება, დღესაც რჩებიან თანამდებობებზე. ისინი ღესაც არიან დაუსჯელები და ამის გამო არ აპირებს სამედიცინო მანიპულაციით ამოიღოს ეს ნივთი, რის გამო მისი ჯანმრთელობა არის საფრთხეში”, – ამბობს ადვოკატი.
36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
