გამოიძახეს თუ არა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრებზე ძალადობისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმი? ჩვენება უმძიმეს ბრალდებებზე ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას პატიმარმა ლაშა ჩაჩანიძემ მისცა.
ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, მსჯავრდებული ირწმუნება, რომ საკნიდან გაყვანის დროს ჯერ ბადრაგი დაუპირისპირდა, შემდეგ კი წინასწარ მობილიზებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ჯგუფურად სცემეს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს ბადრაგების ამოცნობა შეუძლია, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები კი არა.
როდესაც მისი გამოყვანა მოხდა საკნიდან, გაიყვანეს ე.წ. გვირაბში, რომელიც აკავშირებს ორ შენობას. სწორედ ამ შენობებში გადაყვანის დროს მოხდა მასზე ძალადობა. ჯერ ეს ძალადობა დაიწყო ბადრაგმა, შემდეგ უკვე გააგრძელა სპეცდანიშნულების რაზმმა. უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში მისი განმარტებით ციხის დირექტორი, შოთა ტრაპაიძე და ის უშუალოდ გასცემდა განკარგულებას მის თანამშრომლებზე, რომ ძალადობა განხორციელებულიყო. დაახლოებით მერყეობს 8-დან 10მდე (ბადრაგები). ნაწილს ამოიცნობს სახელით და ნაწილზე ამბობ,ს რომ ამოიცნობს, როგორც კი კადრებს ნახავს. ასევე ითხოვს, რომ გამოთხოვილი იყოს კამერები”, – აცხადებს ადვოკატი.
პატიმარი, რომელიც რუსთავის ციხიდან ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, ამტკიცებს, რომ 2 ოქტომბერს, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მას და კიდევ სამ პატიმარს ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს.
ციხეთა სისტემა კი ირწმუნება, რომ ბადრაგები პატიმრებმა სცემეს, თუმცა კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე ერთ-ერთი მსჯავრდებული მშვიდად მიყვება დერეფანში ციხის თანამშრომლეს, საკნის კართან კონტროლიორი რაღაცას ეუბნება და ამის შემდეგ იწყება ხელჩართული ჩხუბი.
