აბიტურიენტმა ანი ადუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლიდან, ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური – 80 ქულა მიიღო. როგორც გოგონა qartli.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ამ შედეგს ელოდა, თუმცა, გამოცდაზე მაინც ინერვიულა.
“გამოცდების ძირითადი გამოწვევა ნერვიულობის დაძლევაა. ნერვებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ძალიან ბევრი მოსწავლის, მათ შორის, ჩემს შედეგებზე. ამ წარმატებაში უდიდესი წვრილი მიუძღვის ჩემი ინგლისურის მასწავლებელს, თამუნა ხარიბეგაშვილს, მართლაც, რომ მისი განსაკუთრებული შრომის დამსახურებაა ჩემი ეს შედეგი” – ამბობს ანი.
ანი ადუაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს. მისი თქმით, სურს, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში.
“ჩემი მთავარი ჰობია მოგზაურობა. მიყვარს ახალი ადგილების ნახვა და გაცნობა. საქართველო განსაკუთრებით გამოირჩევა სილამაზითა და საოცრად საინტერესო კულტურული თუ ისტორიული ძეგლებით, რამაც სურვილი გამიჩინა შემომევლო მთელი ქვეყანა. ყოველი ადგილის ნახვის შემდეგ, ახალის ნახვის სურვილი მიჩნდებოდა და დროთა განმავლობაში ეს ჰობიშიც გადაიზარდა. დღეს დღეობით კვლავ ვმოგზაურობ მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა ქვეყნების ნახავის ბედნიერებაც მექნება” – ამბობს აბიტურიენტი.