“თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა” – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ “სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.
რუსეთში შავი ჭირისგან დასაცავად რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა – ალუმინის ქარხანაში პირბადეების ტარების რეჟიმი დააწესეს. 2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა.
ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა. ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ.
