მიმართა თუ არა პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ინტერპოლს? საგამოძიებო უწყება თვეებია, აანონსებს, რომ შუამდგომლობა მზად აქვთ, მაგრამ ღია წყაროებში უვადო მუხლით ბრალდებული ექს პროკურორი ამ დრომდე არ იძებნება.
კითხვები “პირველებმა” დღეს საქმის პროკურორს დაუსვა. ლევან ვეფხვაძის თქმით, როდის და რა ფორმით ხდება პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ეს წმინდად ინტერპოლის საქმეა.
ბრალდების მხარის თქმით, მძიმე დანაშაულში ბრალდებულის გადმოცემის მოთხოვნით ქართულ მხარეს არც რუსეთისთვის მიუმართავს.
“იმის გათვალისწინებით, რომ მასმედიის მეშვეობით არის დადგენილი, რომ ის არის რუსეთში. თუმცა ბენ საქმეში ოციციალურად არ გვაქვს წარმოდგენილი დოკუმენტები რომ [ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე] რუსეთის ფედერაციაში იმყოფება. ინტერპოლის საქმიანობას წარმოადგენს, რომ თავად უნდა უგანახორციელენო ამ ინფორმაციის მოძიება. მე არ ვარ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების დეპარტამენტში, რომელიც აწარმოებს მსგავს მოლაპარაკებებს. ამიტომ ამ ეტაპზე მე შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ, სად და როგორ არის მოლაპარაკება”- თქვა ვეფხვაძემ.
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული.
ფარცხალაძეს, რომელმაც გვარი შეიცვალა და ფარცხალაძე-რომანოვი გახდა, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ლევან ჯანგველაძე თბილისში გელა უძილაურმა მოკლა, მას სასამართლომ 24 ოქტომბერს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან“ და მისი მკვლელობა დააორგანიზეს.
ამის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
