ბათუმის ციხეში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ცოტა ხნის წინ “პირველებმა” გადაიღო კადრები, როგორ შედიან გამომძიებლები ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების დასაკითხად.
გამომძიებელმა “პირველებს” უთხრა მხოლოდ ის, რომ რუსთავის ციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც პატიმრებსა და ბადრაგებს შორის მოხდა, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა არ თქვა, რამდენი მსჯავრდებულის გამოკითხვა იგეგმება და რამდენ პატიმარზე მოხდა სავარაუდო ძალადობა. “პირველების” ინფორმაციით, ლაშა ჩაჩანიძის გარდა, უნდა გამოიკითხოს რუსთავის ციხიდან ეტაპირებული კიდევ ერთი პატიმარი.
“ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას. (რამდენ მსჯავრდებულზეა საუბარი) … (კითხვა – ექსპერტთან ერთად ხართ მოსული – რატომ? ) სამწუხაროდ, მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – ეუბნება “პირველებს” გამომძიებელი.
გამომძიებლებთან ერთად ციხეში შევიდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც – მან “პირველების” არცერთ კითხვას არ უპასუხა და არ თქვა, რა ტიპის ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს.
“ჯერ გამოიკითხება ლაშა ჩაჩანიძე, შემდეგ ჩაუტარდება ექსპერტიზა. ვნახოთ შედეგები. მეორე პატიმართან დაკავშირებით აპირებს თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებას, ეს ინფორმაცია გამომძიებელს ჩემთვის არ მოუწოდებია. რომ აღენიშნება ჩაჩანიძეს დაზიანებები, სწორედ ამ დაზიანებებთან დაკავშირებით ჩატარდება ექსპერტიზა. ისინი დაფიქსირდება, რომ ნამდვილად არის ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე და ექსპერტი დადებს დასკვნას მის წარმომადვლობასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჩაჩანიძის ადვოკატი.
ციხეთა სისტემა ამტკიცებს, რომ ბადრაგები პატიმრებმა სცემეს, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე ერთ-ერთი მსჯავრდებული მშვიდად მიყვება დერეფანში ციხის თანამშრომლეს, საკნის კართან კონტროლიორი რაღაცას ეუბნება და ამის შემდეგ იწყება ხელჩართული ჩხუბი.
