ზოდელავა და ბერიძე რომ აფორმებენ საპროცესოს, რა ფენომენია? – თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?! – ამის შესახებ აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძისა და გური ჟვანიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.
როგორც მარიამ მეყანწიშვილი წერს, პასუხისმგებლობების საკითხს აღარ შეეხება, თუმცა თუ საჭირო გახდა „დეტალურად ჩაშლის“.
„ზოდელავა და ბერიძე რომ აფორმებენ საპროცესოს, რა ფენომენია? ხმა არაფერზე ამომიღია აქამდე და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო. ჯერ ისედაც კონსპირაციულ გარიგებებზე ხმა არ ამოუღიათ და არ უსაუბრიათ! თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?! პასუხისმგებლობების საკითხს აღარ შევეხები, თუმცა თუ საჭირო გახდა ჩავშლი დეტალურად!“, – წერს მეყანწიშვილი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
