პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გრძელდება.
პატიმრის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მათ პირდაპირი ეთერი დაუთმონ.
თავდაპირველად პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
