„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოში პარტიების აკრძალვა მსოფლიოსთვის მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ბელორუსიისა და რუსეთის გზაზეა.
როგორც მან აღნიშნა, „ეს არის უაღრესი შეშფოთების საგანი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და ამაზე იქნება ძალიან მწვავე რეაგირება“.
„პარტიების აკრძალვა არის ის ექსტრემალური ზომა, რომელსაც იღებენ დიქტატორები. ეს საარჩევნო ავტოკრატიაშიც კი დაუშვებელი და წარმოუდგენელი რამაა. ის, რომ საქართველოში განიხილება მსგავსი საკითხი, რა თქმა უნდა, მიუთითებს მთელი მსოფლიოსთვის იმაზე, რომ საქართველო დგას ყოველდღიურად, სულ უფრო მეტად, ბელორუსიის და რუსეთის გზაზე. მეღიმება კიდეც, როდესაც მახსენდება, რომ დიქტატურაშიც კი ბოლომდე არ არის პარტიები აკრძალული. „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც თამაშობს ევროპულ რეჟიმს, რეალურად ამყარებს რუსული ტიპის ჩაცემენტებულ, მყარ დიქტატურას, რომელიც უკვე პარტიებსაც კი კრძალვას, რომელთაც მათივე არჩევნებით, მილიონამდე ადამიანის ხმა გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესი შეშფოთების საგანი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და ამაზე იქნება ძალიან მწვავე რეაგირება“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.
