გამოკითხვების ახალი სერია ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში – რამდენიმე საათში ციხეში გამომძიებლები შევლენ და პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს გამოკითხავენ.
პატიმარი, რომელიც რუსთავის ციხიდან ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, ამტკიცებს, რომ 2 ოქტომბერს, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მას და კიდევ სამ პატიმარს ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს აღნიშნული ბადრაგების ამოცნობა შეუძლია.
“ლაშა ჩაჩანიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა ბადრაგს ამოიცნობს, რომელმაც მის მიმართ ძალადობა განახორციელა. შეიძლება ასე სახელობითად სახელები და გვარები არ იცის, მაგრამ ვიდეობს თუ ამოვიღებთ და მოხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება – ამოცნობის სახით იქნება ეს, ვიდეო-დათვალიერება თუ ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველას მიუთითებს.
ჩვენ კამერების გამოთხოვას ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ასახული იქნება, როგორ მოხდა ლაშას გამოყვანა მისი საკნიდან. როგორ მოხდა იმ პერიმეტრზე გადაყვანა, სადაც არ არის კამერებით დაფარული ზონა. შესაბამისად, რამდენმა პირმა გამოიყვანა, როგორი ფორმით გამოიყვანეს, მერე როგორ მდგომარეობაში იყო, როცა თავის საკანში დაბრუნდა. ეს ყველაფერი კამერებზე უნდა იყოს ასახული”, – ამბობს ადვოკატი.
საქმე საპატიმროში ბადრაგებსა და პატირმებს შორის ხელჩართულ ჩხუბს და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. პენიტენციური დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ პატიმრებმა ბადრაგების ცემა ერთმანეთის მიყოლებით გადაწყვიტეს – ამის დამადასტურებლად უწყებამ კადრებიც გაავრცელა.
