ნიუ-ჯერსიში, ბერგენის კათოლიკურ საშუალო სკოლაში, ამერიკული ფეხბურთის მატჩის დროს ტრიბუნის მოაჯირი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ოთხი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იკრიბებიან სტუდენტები ტრიბუნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ლითონის მოაჯირის ნაწილი ინგრევა. ოთხმა მოსწავლემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ორადელის პოლიციის უფროსის განცხადებით, ერთ-ერთ მათგანს ფეხის დაზიანების გამო ადგილზე გაეწია დახმარება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არც ერთ დაშავებულს არ დასჭირვებია.
ინციდენტს ბერგენის კათოლიკური სკოლის პრეზიდენტი ბრაიან მაჰონიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრიბუნები ყოველწლიურად მოწმდება, თუმცა მომხდარის შემდეგ სკოლა დამატებით, საფუძვლიან შემოწმებას ჩაატარებს.
“ბერგენის კათოლიკური სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის, ოჯახებისთვის, პერსონალისა და მხარდამჭერებისთვის სკოლის მიერ დაფინანსებულ ყველა ღონისძიებაზე“, – განაცხადა მაჰონმა.
მისივე თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ ტრასასა და ტრიბუნებს შორის არსებული ლითონის ღობის ნაწილი დაზიანდა, რამაც გარე მოაჯირის ჩამოშლა გამოიწვია.
სკოლაში აცხადებენ, რომ ტრიბუნებისა და მიმდებარე ნაგებობების დამატებითი შემოწმება მათი უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად ჩატარდება.
“სტუდენტებისა და საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“, – აღნიშნა სკოლის პრეზიდენტმა.
