ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა სასამართლოში ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომლებიც მკვლელობას უძღოდა წინ.
გიორგი პაპაშვილის ჩვენების მიხედვით, 17 თებერვალს, თამაზ მთივლიშვილის დაბადების დღეზე, მეგობრები ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, პაპაშვილის თქმით, საბა რობაქიძემ მას უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილს რობაქიძის შეყვარებულთან, ვერიკო კაპანაძესთან, „ზედმეტი მოუვიდა“.
ბრალდებულის განცხადებით, აღნიშნულის გამო მთივლიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.
„სახეში ხელი შემოვარტყი. ისევ ვუთხარი, საბა აპირებს ლაპარაკს და ბოდიში მოიხადე-მეთქი. არ მოვიხდი ბოდიშს, ასე არ ყოფილაო, იუარა. კიდევ შეიგინა, კიდევ შევეხე ხელით. ვუთხარი, ჯობდა ბოდიში მოეხადა და ამით დამთავრდებოდა“, – განაცხადა პაპაშვილმა სასამართლოში.
მისივე თქმით, მოგვიანებით ისინი სახლში დაბრუნდნენ, სადაც კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა. პაპაშვილის განცხადებით, მთივლიშვილმა ბოდიშის მოხდაზე ისევ უარი თქვა, რის შემდეგაც მას სამზარეულოს საჭრელი დაფა ჩაარტყა.
„რა ბოდიშიო და ვარტყამ ამ დაფას. დაფა იყო ნახევარი თავიდანვე, ბზარიც ჰქონდა, დაფა დარტყმის შედეგად დაიშალა. ბოდიშს არ იხდიდა. ხელში დამრჩა პატარა ნაჭერი და ეგეც დავაგდე. ადექი, ბიჭო და „დაახვიე“ სახლიდან-მეთქი. მოხრილ მდგომარეობაში გამოვწიე, ფეხი წავარტყი და წაიქცა. რომ გავხედე, რეაქცია არ ჰქონდა“, – თქვა ბრალდებულმა.
პაპაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ მან და საბა რობაქიძემ მთივლიშვილის მოსულიერება სცადეს. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს რეაქცია არ ჰქონდა, მოგვიანებით კი აკანკალდა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მთივლიშვილის პულსი შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ის აღარ სუნთქავდა.
„არტერიაზე ხელი დავადე, გულზეც ხელი დავადე და გარდაიცვალა. არანაირი ნიშანწყალი არ ჰქონდა. რამდენჯერმე დავაწექი ხელით, გულზე ხელს ვადებ, პულსს ვუსინჯავ, არც ყელზე პულსი, არც ხელზე პულსი, არც გულისცემა. ვამბობდი, მოკვდა კაცი-მეთქი“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
პაპაშვილის ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ მთივლიშვილის ცხედარი აბაზანაში გადაიტანეს.
გიორგი პაპაშვილის ჩვენების მიცემა მომდევნო სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება.
