ახალ მოსკოვში ბიზნესლედის, წარმოშობით ქართველის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის ბიზნესმენი, თეიმურაზ გოგიაშვილია.
„როსიისკაია გაზეტა“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.
რა არიას ცნობილი თეიმურაზ გოგიშვილის, მისი საქმიანობისა და მსხვერპლის შესახებ?
Telegram-არხ Mash-ის მონაცემებით, თეიმურაზი საქართველოში დაიბადა და საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა; ზუსტად სად, არხი არ აკონკრეტებს. ამასთან, სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ „დაკავებული, თეიმურაზ გოგიაშვილი 1979 წელს დაიბადა და წარმოშობით საქართველოდანაა. ის ნასამართლევი არ არის და არც ადმინისტრაციული ბრალდებები ჰქონდა წაყენებული.“
გამოცემა “ბაზის” ცნობით, გოგიშვილი დონეცკიდანაა, სწავლობდა ლუგანსკში და რუსეთში გადასვლამდე „ლუგანსკენერგოპრომში“ მუშაობდა. დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.
ასევე, Telegram-არხ „112-ის“ ცნობით, თეიმურაზ გოგიაშვილი 2014 წლიდან დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და „სპარტას“ რაზმში მსახურობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ადრე ლოგისტიკურ კომპანიებში მუშაობდა, შემდეგ კი მეწარმეობას დაუბრუნდა. Telegram-არხი, ასევე, იუწყება, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ეკატერინა 2014 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ტრაგედიამდე გოგიაშვილი ბიზნესით იყო დაკავებული. კერძოდ, 2023 წელს ის მოსკოვში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და, ძირითადად, ავტომობილების კომპონენტების წარმოებით იყო დაკავებული. დამატებითი საქმიანობა ავტომობილების შეკეთებას, ტრანსპორტირებასა და სატრანსპორტო აღჭურვილობის წარმოებას მოიცავდა.
ამჟამად ის, ასევე, არბიტრაჟულ საქმეში არის მოპასუხე, რომელიც 42,6 მლნ რუბლის (508 ათასამდე დოლარის) ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტით გათვალისწინებული აუთვსებელი ავანსის დაბრუნებას ეხება. ადრე გოგიაშვილი დონეცკში კომპანია „ვოზროჟდენიეს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ლიკვიდირებულ იქნა. მეწარმეობის გარდა, ის ფიტნეს-ტრენერად მუშაობდა: პერსონალურ ვარჯიშებს ატარებდა და კვების პროგრამებს ქმნიდა. თავის ანკეტაში პაუერლიფტინგის სპორტის ოსტატის კანდიდატად მოიხსენებდა თავს და წერდა, რომ ორჯერ გაიარა Ironman-ის დისტანცია და Mad Fox Ultra-ს რბოლაში მონაწილეობდა.
მისი მსხვერპლი რუსეთში მოღვაწე, ასევე, ქართველი ქალბატონი ელენა წერეთელიც მეწარმე იყო. მას უძრავი ქონების სააგენტო ჰქონდა და ასევე ფლობდა სილამაზის სალონებს. MSK1-ის ცნობით, ელენამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა მენეჯმენტის სპეციალობით დაამთავრა და სილამაზის სალონ “ვაშ ობლიკს” ფლობდა. ღია ანგარიშგების თანახმად, 2025 წლისთვის კომპანიის შემოსავალმა, რომლის მეშვეობითაც სალონი მუშაობდა, 1,9 მლნ რუბლი (23 ათას დოლარამდე) შეადგინა.
მასთან დაკავშირებული კომპანიები ყოველწლიურად ათობით მილიონი რუბლის შემოსავალს იღებენ. კერძოდ, წერეთელი, ასევე, უძრავი ქონების მართვისა და გაქირავების კომპანია „დანიკის“ დამფუძნებლებს შორის იყო. MSK1-ის ცნობით, 2025 წელს მისი შემოსავალი 33.7 მლნ რუბლს (401.5 ათას დოლარს), ხოლო აქტივების ღირებულება 304.2 მლნ რუბლს (3.6 მლნ დოლარზე მეტს) შეადგენდა.
გარდაცვლილის ყოფილი ქმარი, მამუკა წერეთელი, ასევე, მისი ბიზნესის თანამფლობელი იყო. MSK1-ის ცნობით, წყვილი რამდენიმე წლის წინ განქორწინდა და ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მეორე მსხვერპლი სწორედ მათი 19 წლის ქალიშვილია. მამუკა წერეთელი რესტორნების ბიზნესში 2000-იანი წლების ბოლოდან იყო ჩართული. მისმა კომპანიამ მოსკოვში Subway-ს ქსელი განავითარა. კერძოდ, 2010 წლისთვის ის შვიდ ლოკაციას მართავდა. მოგვიანებით ის საკუთარი პროექტებით დაკავდა, მათ შორის გასტროპაბი, Beer Pairing იყო.
ელენა წერეთელი 53 წლის იყო.
სამართალდამცავ ორგანოებში TASS-ს განუცხადს, რომ ბიზნესმენი ქალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მოტივი შესაძლოა, ოჯახური კონფლიქტი ყოფილიყო. კერძოდ, სააგენტოს წყაროს ცნობით, თეიმურაზ გოგიშვილი ამბობს, რომ “მკვლელობის მოტივი ჩხუბია.“
