“უკრაინის არმია ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის ” – ფინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ომის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად აღიარებენ, რომ უკრაინა და უკრაინელები არიან ბუფერი რუსეთსა და ევროპას შორის და ეს ბედი ელოდა საქართველოსაც, რომ არა “ქართული ოცნების” სწორი პოლიტიკა.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გია ვოლსკის განცხადებით, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია.
“ბუფერულ ზონაზე საუბარი ძალიან დასჩემდათ ევროპელ ლიდერებს. უკრაინა სისხლშია ჩამდგარი – ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი იღვრება და მთავარი ლოზუნგი მაინც ამოწეულია ის, რომ უკრაინა ევროპის გულისთვის, როგორც ბუფერული სახელმწიფო, კვდება.
უკრაინელები კვდებიან ევროპული პერსპექტივისთვის, უკრაინელები კვდებიან კანდიდატის სტატუსისათვის, რომ უკრაინელები მოლაპარაკებების საფეხურზე გადავიდნენ – ეს არის მათი მიღწევა და რეალურად ვხედავთ რა მდგომარეობაც არის… პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქართველო წარმოადგენს არათუ ბუფერულ ზონას, არამედ საზარბაზნე ხორცია შენი როლი და მთავარი დანიშნულება. ეს მახინჯი შეფასებებია. რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
