ALDE-ს ჩვენს მიმართ უამრავი ცოდვა აქვს: უპირველესად, დამოკიდებულება ქვეყნისა და ახალგაზრდების მიმართ, მუდმივი მოწოდება სისხლისღვრისკენ და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვისკენ – ის, რომ დასანქცირებას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახალი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ALDE არის ანტიქართული ძალა.
„ALDE-ს ჩვენს მიმართ უამრავი ცოდვა აქვს: უპირველესად, დამოკიდებულება ქვეყნისა და ახალგაზრდების მიმართ, მუდმივი მოწოდება სისხლისღვრისკენ და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვისკენ. ასევე ის, რომ საქართველოში შემოსული არცერთი ცენტი არ უნდა იყოს გამჭვირვალე არც საზოგადოებისთვის, არც შესაბამისი სტრუქტურებისთვის და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება რევოლუციური გზით უნდა დაემხოს. ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდით მოქმედებენ. ALDE, როგორც ევროპულ სტრუქტურებში ერთ-ერთი ლიდერი პარტიული გაერთიანება, იმავე პოზიციაზე დგას, რაზეც სხვები. თუმცა ფაქტია, რომ ამის საწინააღმდეგო პოზიცია უკვე ევროპაშიც გამოჩნდა და, რაც მთავარია, საქართველოშიც. საზოგადოებამ კარგად გაიგო და შეაფასა, რას წარმოადგენს ALDE და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა. ეს არის ანტიქართული ძალა. ის, რომ დასანქცირებას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახალი არ არის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ – ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, – ნათქვამია წერილში.
