თბილისის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტომობილი ავტოსადგომიდან გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
“დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
