“სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს!” – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ძალადობა.
“დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“ და მთლიანად სისტემა ივანიშვილის თაოსნობით – დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია”- წერს წერილში ელენე ხოშტარია.
“სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!
დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, “გამპრავებლებიც” და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.
ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე 03/10/2026 ” – წერს ხოშტარია .
