3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.
„ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში – სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.
წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 – მა ამომრჩეველმა მომართა.
არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.
აქვე შეგახსენებთ საარჩევნო პროცედურებს – კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ.
ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
3 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
