თბილისის N61 საბავშვო ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტომ მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი.
„საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები. 30 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის გარკვეულ ადგილებზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ მყისიერად მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა, რამდენადაც ექსპერტიზა ხანგრძლივ სამუშაოს მოიცავს, სააგენტომ პარალელურად მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა. ლაბორატორიის ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი. ამავდროულად, დაიგეგმება და განხორციელდება ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო. პარალელურად, სააგენტო დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელსაც დაეფუძნება სააგენტოს შემდგომი რეაგირება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
