„საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 პროექტზე ედავებიან – სადავო თანხა დაახლოებით, 4.8 მლრდ. დოლარია,“ – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ერთვის.
„საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა დაახლოებით 4.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (7 დავა), 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა არ წარმოადგენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში ამ მიმართულებით ხარჯები ასეთივე არარსებითი იქნება,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.
