ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სარდლობას ომის წესების მიტოვება დაავალა და უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებზე ყველა შეზღუდვა გააუქმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პუტინმა თქვა, რომ ახლა წესები არ არსებობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც მოიცავდა კრემლის ოფიციალურ პირებს შორის ჩაწერილ კომუნიკაციებს.
ზელენსკის თქმით, პუტინმა ეს ბრძანება სექტემბერში გასცა და რუსეთმა კიევზე საჰაერო დარტყმების გაძლიერება დაიწყო, რომელთა სამიზნეც სკოლები, საავადმყოფოები და მონაცემთა ცენტრები იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სკოლებზე დარტყმა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ფართოდ გავრცელდა ასეთი სამიზნეების შერჩევა. ზელენსკის თქმით, ომის საწყის ეტაპზე მოსკოვი, ძირითადად, ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს ესხმოდა თავს, რაზეც უკრაინამ ანალოგიურად უპასუხა.
ახლა, ზელენსკის განცხადებით, რუსული დრონები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ხერსონისა და სუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით, არამედ სკოლებს, საკომუნიკაციო ცენტრებსა და მონაცემთა ცენტრებსაც ესხმიან თავს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს თავდასხმები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განადგურებას, არამედ „ხალხზე ზეწოლას“ და შიშის დათესვას განუწყვეტელი დაბომბვის გზით.
