64 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ჯიმ კერი დაქორწინდა. მისი რჩეული 32 წლის მინ აჰია. წყვილმა საქორწინო ფიცი ლოს-ანჯელესში, დახურულ ცერემონიაზე დადო.
მსახიობმა და მისმა რჩეულმა ურთიერთობა საჯაროდ მიმდინარე წლის თებერვალში დაადასტურეს. ისინი პარიზში, “სეზარის“ დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. მაშინ მსახიობმა მინ აჰს “ჩემი არაჩვეულებრივი თანამგზავრი“ უწოდა და საჯაროდ სიყვარულიც აუხსნა: “მიყვარხარ, მინ აჰ“.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. პარიზში გამართულ ღონისძიებას კერი ქალიშვილთან, 39 წლის ჯეინ ერინ კერისთან და შვილიშვილთან, ჯექსონ რაილისთან ერთად დაესწრო.
ჯიმ კერისთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველად მელისა ვომერზე 1987 წელს იქორწინა. წყვილს ქალიშვილი ჯეინი ჰყავს. მათი ქორწინება 1995 წელს დასრულდა.
1996 წელს მსახიობი მეორედ დაქორწინდა – ამჯერად ფილმ “ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის“ კოლეგაზე, ლორენ ჰოლიზე. მათი ქორწინება მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა. განქორწინების მიზეზად შეურიგებელი უთანხმოება დასახელდა.
კერის წარსულში არაერთ ცნობილ ქალთან აკავშირებდნენ. მათ შორის იყვნენ მსახიობები რენე ზელვეგერი და ჯენუარი ჯონსი, ასევე მოდელი და მსახიობი ჯენი მაკარტი, რომელთანაც მას ხუთწლიანი ურთიერთობა ჰქონდა, 2010 წლამდე.
მსახიობს სამი წლის განმავლობაში, პერიოდულად, ურთიერთობა ჰქონდა ვიზაჟისტსა და სტილისტ კეტრიონა უაითთანაც. მან 2015 წლის 28 სექტემბერს, 30 წლის ასაკში, სიცოცლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2022 წელს, “აქსეს ჰოლივუდთან“ საუბრისას, კერიმ განაცხადა, რომ მშვიდი ცხოვრება მოსწონდა და მეტი არაფერი სურდა.
“ძალიან მომწონს ჩემი მშვიდი ცხოვრება, მიყვარს ტილოზე ხატვა და ჩემი სულიერი ცხოვრება“, – ამბობდა მსახიობი.
