რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია გორშიც იმყოფებოდა – ინფორმაციას “ქართლის ამბები ავრცელებს”.
ამის ამსახველ ფოტოებს თავად რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს.
დელეგაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი) ხელმძღვანელობდა. დელეგაციას გორში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია (გვაზავამ) უმასპინძლა.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, სტუმრები გორის საკათედრო ტაძარს, საეკლესიო მუზეუმსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას ეწვივნენ. დელეგაციამ ასევე მოინახულა ატენის სიონი.
ცენტრალური მედიის ცნობით, რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაგვიანებით გახდა ცნობილი.
ინფორმაცია ვიზიტის შესახებ, მედიის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. საპატრიარქოს ცნობით, საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის საეკლესიო ურთიერთობებსა და „მტკივნეულ რეგიონებში“ არსებულ ვითარებას შეეხო.
