პროკურატურის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე თურქეთის მოქალაქეს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. უწყების ცნობით, მან უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი კომპანია თაღლითურად მიისაკუთრა და დაზარალებულს 2 120 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა შეიმუშავა. კერძოდ, ბრალდებულმა სხვა პირის ყალბი პასპორტი და თითქოსდა მესაკუთრის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა გამოიყენა. ამ დოკუმენტების ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით, დაზარალებულის კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაციაზე აღრიცხული ქონებები, მოტყუებით გადაიფორმა საკუთარ სახელზე.
განზრახვის საბოლოოდ განსახორციელებლად, ბრალდებულმა, უკანონოდ დაუფლებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდა მესამე პირზე.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპანიასა და მის აქტივებს, რითაც დაზარალებულს 2 120 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
ვინაიდან ბრალდებულს გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერს უწყება.
მათივე ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
