თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსისა და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ კი, ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
