სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
ლევან ახობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
ახობაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 22 მაისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის ბრალეულობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებული თანხა არ არის დიდი ოდენობის, არამედ 2 თვის ხელფასის თანხაა.
“ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ… მთავარი მტკიცებულება, რომ რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა დღეს გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა ამ ქვეყანას ემსახურება, ის არის ომის ვეტერანი… ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თითქოს ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ხალხო, არანაირი დიდი ოდენობით თანხა ამოღებული არ არის. 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი… ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ.” – განაცხადა ადვოკატმა
