„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული პარტიული გაერთიანება, დაჯგუფებაა, თავის დროზე ფოტიგები იყვნენ, ახლა კუბილიუსები და რაისა კომუნისტები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ლუზერები არიან. მათ საკუთარ ქვეყანაში „ნაცების“ დონის რეიტინგიც არ აქვთ, ხუთპროცენტიანიც კი. ევროკავშირში ასეთი ლუზერების გაერთიანებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მტრობენ. მათი ინტერესი რა არის? – აქ რევოლუცია დაეფინანსებინათ. რამდენი მცდელობა ჰქონდათ, რომ ქვეყანაში უსამშობლოების აგენტურა მოეყვანათ. გვიყურებენ, როგორც მსხვერპლს და მსხვერპლშეწირულს“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციები ნაკლებად საინტერესოა.
„ნაკლებად გვაინტერესებს EPP-ის უსაფუძვლო რეზოლუციებიც, განცხადებებიც. ჩვენ ქართველი ერის მანდატი გვაქვს, ძლიერი მანდატი. მათ გვითხრეს, რომ დიახ, მშვიდობაა ჩვენი არჩევანი. ევროკავშირში მშვიდობით შესვლაა ჩვენი არჩევანი. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს და ყველასთან თანასწორად ვისაუბროთ, ყველა სახელმწიფოსთან. ამის შედეგები ნახეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკა დავიწყეთ, გვაქვს ურთიერთობები, მიწვევები, ვიზიტები. ეს რა არის? – ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველზე მიღწეული ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც დღეს მთელ მსოფლიოსთან გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.
