საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოს საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება – სალომე ზურაბიშვილი სვამს კითხვას, რას ნიშნავს საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენები “მტკივნეული რეგიონები”.
“აბა ვინმემ ამიხსნას, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ “მტკივნეული რეგიონები” რას ნიშნავს.
“ინფორმაციის თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკივნეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და იმ პოტენციურ გზებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის აღდგენისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.
დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ უმასპინძლა .
მხარეებმა „ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს“, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
საპატრიარქოს ტელევიზიის, “ერთსულოვნების” თანახმად, შეხვედრაზე „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე” ისაუბრეს; ასევე იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს“.
