რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს და დსთ-ის ქვეყნების პროფესიონალი მძღოლებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადას შეამცირებს, თუ ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. შესაბამისი სამთავრობო დადგენილების პროექტი სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა, რასაც TASS ავრცელებს.
30 ივნისიდან საქართველოს და დსთ-ის ქვეყნებისა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ ჩადიან, ქვეყანაში 180 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. 90-იდან 180 დღემდე დროებითი ყოფნის ვადა 27 აპრილის სამთავრობო დადგენილებით გაიზარდა.
თუმცა ამჟამინდელი პროექტის განმარტებით ბარათში ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს და დსთ-ის წევრი ქვეყნების გაწევრიანების შესახებ განაცხადები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიზნებს ეწინააღმდეგება და რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
კერძოდ, განმარტებით ბარათში წერია, რომ „რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად, თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები, ასევე, საქართველო დადგენილი პროცედურის შესაბამისად ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, რეზოლუციის პროექტი ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის რუსეთის მთავრობის 2026 წლის 27 აპრილის №467 დადგენილების პირველი პუნქტის დებულებების გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში გარკვეული კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დროებითი ყოფნის ვადის გაზრდას ეხება.”
დოკუმენტის მიღების შემთხვევაში ამ ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადა კალენდარული წლის განმავლობაში 90 დღემდე შემცირდება.
