უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.
საუბარია კოდექსის 191-ე მუხლზე, რომელიც საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევას ეხება.
მოქმედი წესით, თუ უცხოელი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ დარჩება, მას ჯარიმა დაეკისრება. სანქციის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ხნით გადააცილა მან ქვეყანაში ყოფნის კანონიერად დადგენილ ვადას.
კერძოდ, თუ ყოფნის ვადა 3 თვემდე პერიოდით არის გადაცილებული, ჯარიმა 1 000 ლარია, ამასთან, უცხოელს საქართველოში შემოსვლა 6 თვით აეკრძალება.
თუ საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა 3 თვეზე მეტი, მაგრამ 1 წლამდე პერიოდით არის გადაცილებული, ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს და საქართველოში შემოსვლა 2 წლით აიკრძალება.
თუ უცხოელი საქართველოში ყოფნის კანონიერ ვადას 1 წელზე მეტი ხნით გადააცილებს, ჯარიმა 3 000 ლარია, ხოლო საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება.
ამავე მუხლით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა 500 ლარით ჯარიმდება.
191-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იმ ფიზიკური ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, რომლებიც უცხოელს საქართველოში იწვევენ, მომსახურებას უწევენ ან მისი მომსახურებით სარგებლობენ საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია გაფრთხილება ან 2 000 ლარის ჯარიმა.
მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების წესს ეხება.
ცვლილებების მიხედვით, 191-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე მიღებული გადაწყვეტილების ან საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება მის აღსრულებას აღარ შეაჩერებს. შესაბამისად, მხოლოდ გასაჩივრების ფაქტი პირს დაკისრებული სანქციის შესრულებისგან აღარ ათავისუფლებს.
ამასთან, 191-ე მუხლის პირველი ოთხი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. ჯარიმის გადახდამდე პირს არ გაეცემა საქართველოს ვიზა და არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა.
იგივე ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებსაც შეეხო. 116-ე მუხლი, მათ შორის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას ეხება. ამ შემთხვევაში მართვის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას აღარ შეაჩერებს.
