ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას ქეთევან წამებულის შესახებ სასულიერო პირები ეხმაურებიან. მეუფე ანტონი ამბობს, რომ საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება. ის არ გამორიცხავს, რომ ელჩის განცხადება პროვოკაციას ემსახურებოდეს.
მე ერთი ვიცი, რომ მაგას ურეაქციოდ არ დავტოვებთ. შეიძლება რაღაც პროვოკაციაა, შეიძლება უნდათ, რომ გაამწვავონ სიტუაცია. თუ დაინახავს საპატრიარქო, რომ არის აუცილებელი რექცია, ასპროცენტიანი გააკეთებს, – ამბობს მეუფე ანტონი.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კი ამბობს, რომ ქეთევან დედოფლის წამების შესახებ საქართველოს ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. მისი შეფასებით, ისტორიის შეცვლის ან მისთვის სხვა საფუძვლის მოძებნის მცდელობა მიუღებელია და ირანის ელჩის განცხადებას საპატრიარქოს მხრიდან შეფასება უნდა მოჰყვეს.
ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე და ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს, რა თქმა უნდა. მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო და სხვა საფუძველი მოუძებნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გაინტერესებთ განცხადება გაკეთდება თუ არა საპატრიარქოს მხრიდან და შეფასება იქნება თუ არა და ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა. რა თქმა უნდა, შეფასება უნდა გაკეთდეს, – ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა არ გამოხმაურებია საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას. ალი მოჯანიმ ირანის საელჩოს ფასადზე ქეთევან წამებულის გამოსახულება გაანათა და დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.
ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.
