ხმაურიანი დებატები პარლამენტში – ერთმანეთს გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე და “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.
ხმაურიანი დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი იყო. გიორგი შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სარჩელზე ხელმოწერით ისინი განსხვავებული აზრის აკრძალვასა და ქვეყანაში დიქტატურის გაფორმებას აწერენ ხელს.
ამ სარჩელზე თქვენი ხელმოწერებია, 88 დეპუტატის, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აწერს ხელს და ხომ ხვდებით, რომ აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თქვენი ხელმოწერები დარჩება ისტორიას, 88 ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტიის არსებობას, განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურობას და მეტსაც გეტყვით, დიქტატურის დამყარებას აწერს ხელს. თქვენი ხელმოწერებით ქვეყანაში იკრძალება განსხვავებული აზრი და ფორმდება დიქტატურა. ეს სარჩელი, დღეს იქნება თუ ხვალ, გახდება მტკიცებულება, პირველ რიგში, “ოცნების” წინააღმდეგ, რადგან ამ ქვეყანაში ასაკრძალი თუ ვინმეა, ეს პირველ რიგში, არის პარტია “ქართული ოცნება”, რომელმაც ქართველ ხალხს ქვეყნის უმაღლესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაახვია, გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან, – თქვა გიორგი შარაშიძემ.
ლევან მაჭავარიანმა კი გიორგი გახარიას გუნდი გააკრიტიკა და ყოფილი პრემიერის გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ გახარია თანამდებობიდან „გარე ძალების დავალებით“ წავიდა, მოგვიანებით კი პოლიტიკაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მმართველი გუნდისთვის ხმები წაერთმია და 43%-იანი ბარიერის გადალახვაში ხელი შეეშალა.
გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით და იგი გადადგა იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ჰქონდა დაწესებული 43%-იანი გაუგებარი ბარიერი და მას ხელი უნდა შეეშალა ამ ბარიერის გადალახვაში. სწორედ მაშინ შემობრუნდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი არასაჯარო მესიჯი გახლდათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო და ჩვენი ხმები რომ წაეღო და ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში, – თქვა ლევან მაჭავარიანმა.
