უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ სისტემაში სწორად აღურიცხველობის შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა დაეკისროთ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი მათ უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ერთიდან სამ წლამდე შეუზღუდონ.
ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულში შევიდა და როგორც ცნობილია, ეს წესი 31 აგვისტოდან უკვე მოქმედებს.
კერძოდ, კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, თუ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებელი უცხოელი სტუდენტის შესახებ კანონით მოთხოვნილ ინფორმაციას შესაბამის საინფორმაციო სისტემაში არ აღრიცხავს ან აღრიცხვის წესს დაარღვევს, შეიძლება გაფრთხილება მიიღოს ან დაჯარიმდეს.
ჯარიმის ოდენობა იქნება – შესაბამისი უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე. ამასთან, თანხა დარღვევების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
თუ დაწესებულება იგივე დარღვევას კვლავ ჩაიდენს, მას ისევ ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე ჯარიმა დაეკისრება.
მომდევნო დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა შეიძლება უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ექვსმაგ ოდენობამდე გაიზარდოს.
გარდა ამისა, დაწესებულებას შეიძლება უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ერთიდან სამ სასწავლო წლამდე შეუზღუდონ. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ან პროფესიულ სასწავლებელს ამ პერიოდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა აღარ შეეძლება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება ან სტუდენტების მიღების უფლების შეზღუდვა სასწავლებელს ინფორმაციის სისტემაში აღრიცხვის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
