Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება ორ ეტაპად წარიმართება: თავდაპირველად AI-ის გავრცელებას შესაძლოა, დანაშაულის ზრდა მოჰყვეს, თუმცა შემდეგ ტექნოლოგია მსოფლიოს სიუხვეს მოუტანს. ამის შესახებ გეითსმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ნაწილს RBC ავრცელებს.
„AI-ის განვითარებას ორი ეტაპი ექნება. ახლა სწორედ იმ ეტაპზე შევდივართ, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს პრობლემების გადაჭრის პოტენციალი აქვს, თუმცა მათი გადაჭრა ჯერ ვერ შეძლო. ქირა კვლავ ძალიან ძვირია, ჯანდაცვაც ძვირი ჯდება, ხოლო AI შრომის ბაზარს შეცვლის და, სათანადო უსაფრთხოების მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, კრიმინალებისთვის ახალი შესაძლებლობებიც შექმნას“, – განაცხადა ბილ გეითსმა.
მისი თქმით, ეს პერიოდი დაახლოებით 20 წელს გასტანს და ამ დროს კაცობრიობა ახალ ტექნოლოგიას შეეწყობა.
„როგორც კი ამას გაუმკლავდებით, ადამიანის მსგავსი რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაცია სახლების აშენების, საკვების მოყვანისა და მრავალი სხვა რამის საშუალებას მოგცემთ. იცით, ამას სიუხვის ეპოქა შეიძლება ვუწოდოთ“, – დასძინა მეწარმემ.
გეითსმა აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი კაცობრიობას სხვა პრობლემებს მოუტანს, როგორიცაა ცხოვრების აზრის ძიებასთან დაკავშირებული სიძნელეები ან ის, თუ როგორ ატარებენ ადამიანები დროს. „დაე, ახალმა თაობამ გაარკვიოს ეს“, – შესთავაზა მან.
ინტერვიუში გეითსმა ასევე არ გამორიცხა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა, ისეთი მოვლენები გამოიწვიოს, რასაც მილიარდი ადამიანის დაღუპვა მოჰყვება. მისი თქმით, ისტორიას ჯერ „არასოდეს ჰქონია ისეთი ძლიერი იარაღი“, როგორიც ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანები და მათ მიერ AI-ის გამოყენებაა.
გეითსის განცხადებით, AI-ის სფეროში მოქმედი კომპანიების თვითრეგულირება საკმარისი არ არის და ტექნოლოგიის განვითარების კონტროლში მთავრობებიც უნდა ჩაერთონ.
მან მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა და ჩართოს სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკოსები ხელოვნური ინტელექტის გარანტიებისა და მონიტორინგის შესახებ დისკუსიებში. ამასთან, მეწარმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის საერთაშორისო წესების შექმნა უფრო რთული ამოცანა იქნება, ვიდრე ცივი ომის დროს ბირთვული შეიარაღების შეზღუდვა. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ-ის ლიდერობაა საჭირო.
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე შეშფოთება უკვე არაერთხელ გამოითქვა. მსოფლიოში დღემდე გრძელდება დისკუსიები იმ რისკებზე, რომლებიც შესაძლოა, ასეთ სისტემებზე კონტროლის დაკარგვას უკავშირდებოდეს.
