2028 წლის პირველ ნახევარში გააუქმებენ პარტიებს, რომ მათ ვერ მოასწრონ იურიდიული და სამართლებრივი რეაგირება, – ამის შესახებ „ანტიანექსიური პლატფორმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.
„ეს არის უზურპაციის ყველანაირი ხერხი, მათ შორის იურიდიული, ფსევდო იურიდიულია სინამდვილეში. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჯერ არ აკრძალავენ პარტიებს. ახლა რომ აკრძალონ, იჩივლებენ ისინი საერთაშორისო სასამართლოებში. მაღალი ალბათობით, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოუგებენ „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ეს რომ ვერ მოესწროს არჩევნებამდე, ამატებენ ამ პარტიებს, რომ თავიდან დაიწყონ პროცესი.
2028 წლის პირველ ნახევარში გააუქმებენ ამ პარტიებს, ჩემთვის არსებული ინფორმაციით, იმისთვის, რომ პარტიებმა ვერ მოასწრონ იურიდიული და სამართლებრივი რეაგირება.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება, რომ ევროატლანტიკური კურსი ამოიღოს, ასევე ინფორმაცია მაქვს, ისევ შერეული სისტემის დაბრუნება უნდათ, სადაც მაჟორიტარები ეყოლებათ ისევ, რაც არის მუდმივი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარანტი“, – განაცხადა ხარშილაძემ.
ცნობისთვის, განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“, სხვა პარტიებთან ერთად, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო -ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
