დუმილის 20 საათი – საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოფიციალური ბაქოს სახელით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებას და ბრალდებებს საპატრიარქოს მისამართით.
ამ განცხადებას ელოდებიან “ქართულ ოცნებაშიც”. დღეს ივანიშვილის დაფუძნებულ პარტიაში თქვეს, რომ ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას და ამის შემდეგ ისაუბრებენ.
შეგახსნებეთ, რომ 24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შემაშფოთებელია, რადგან მათი მიზანი და საფუძველი გაურკვეველია. განცხადების მიხედვით, საპატრიარქოს აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და კითხვები აქვს — რა სამუშაოები ტარდება, რა კვლევებს ეფუძნება ისინი, ვინ ახორციელებს და როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
აზერბაიჯანის მხარემ საპატრიარქოს გუშინ განცხადებითვე უპასუხა, სადაც იწმუნება, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, მათი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.
